„Ford Mustang Mach E“ - პონი ახალი თაობისთვის

„ფორდმა“ თავის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა - კომპანიამ პირველი ელექტრომობილი, ელექტრული SUV გამოუშვა, რომელსაც თავისი ყველაზე პოპულარული მოდელის სახელი შეარქვა - „მუსტანგი“. ელექტრომობილის სრული სახელია „ფორდ მუსტანგ მახ E“ და ის ერთგვარად მიგვანიშნებს, რომ კომპანიამ ელექტრომობილების სეგმენტში, უკვე ზებგერითი (მახ) სიჩქარე აკრიფა.

ამ ავტომობილს გამოარჩევს წინა ნაწილის აგრესიული სტილი, რომელსაც აქვს პონი ქარის სტილის ფარები და ფსევდო რადიატორი, რომელიც დახურულია და მის შუაში მუსტანგის ლოგოა გამოსახული. ორ სეხნია ავტომობილს შორის მსგავსებას იოლად შეამჩნევთ უკანა ფარების შემთხვევაშიც. „Ford Mustang Mach E-ის“ სპორტულ ხასიათზე კი კუპეს სტილის დახრილი სახურავი და უკანა ბორბლების დაბერილი თაღებიც მიგანიშნებთ.

გარეგნულად თუ ელექტრომობილი „მუსტანგს“ ჰგავს, მისი ინტერიერი უფრო „ექსპლორერის“ სტილშია მოწყობილი. თუმცა სტილი გაუმჯობესებულია და სალონიც უფრო თანამედროვედაა ეკიპირებული. მძღოლის განკარგულებაშია მომცრო, 10.2-დუიმიანი მაჩვენებლების დაფა, ასევე ინფოტაინმენტ სისტემის 15.5-დუიმიანი სენსორული ეკრანი. გასართობ სისტემას, „ბანგ ენდ ოლუფსენის“ 10-სპიკერიანი ხმოვანი სისტემა ემსახურება. სალონს აქვს შუშის პანორამული სახურავი. შეკვეთით შესაძლებელია გამათბობლით აღჭურვილი საჭის რგოლის და სავარძლების, ასევე ალუმინის სატერფულების დაყენება.

„Ford Mustang Mach E“ საბარგლის სივრცითაც გამოირჩევა. უკანა საბარგულის მოცულობა 821 ლიტრია. უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში კი მოცულობა 1688 ლიტრამდე იზრდება. გარდა ამისა წინ, სადაც შიდაწვის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებზე ძრავი და ტრანსმისიაა განლაგებული, დამატებითი საბარგო სივრცეა, რომლის მოცულობაც 136 ლიტრს აღწევს.

სულ მყიდველს ხუთ ვარიანტს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, რომლებიც განსხვავებული ფასით, სიმძლავრით და აღჭურვილობით გამოირჩევა. საწყისი დონის ვარიანტი „სელექტ“ შეიძლება იყოს უკანა ან სრულ ამძრავიანი. ორივე შემთხვევაში, ენერგია 75.5 კილოვატსაათიან ელემენტების ბლოკში ინახება. ასეთი ავტომობილის განკარგულებაში 255 ცხენის ძალაა. ამასთან, უკანა ამძრავიანს 414 ნიუტონმეტრი მაბრუნი მომენტი აქვს, სრულიანს კი - 565 ნიუტონმეტრი.

უკანა ამძრავიან მოდელს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 6 წამში შეუძლია, მისი სვლის სიშორე (სრული დამუხტვისას) კი 370 კილომეტრს აღწევს. სრულ ამძრავიანი 100-ს დაახლოებით ხუთ წამში აღწევს, მისი სვლის სიშორე კი 338 კილომეტრია.

ვარიანტი „პრემიუმ“ გამოირჩევა იმით, რომ აქვს სტანდარტული და გაზრდილი სვლის სიშორე და არ აქვს სრულ ამძრავიანი ძალური დანადგარი. სტანდარტული იმავე ძალური დანადგარითაა აღჭურვილი, რითაც „სელექტი“, გაზრდილი სვლის სიშორის შემთხვევაში კი ენერგია 98.8 კილოვატსაათიან ბლოკში გროვდება. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ავტომობილის განკარგულებაში მეტი სიმძლავრეცაა - 288 ცხენის ძალა და 414 ნიუტონმეტრი. მისი მეშვეობით, ავტომობილი 100-ს ექვს წამში აღწევს, ერთი სრული დამუხტვით კი 483 კილომეტრს გაგატარებთ.

მესამე ვარიანტის სახელია „Mach E California Route 1“, რომელიც მხოლოდ უკანა ამძრავიანი და სვლის გაზრდილი სიშორე აქვს. მის განკარგულებაში 282 ცხენის ძალა და 414 ნიუტონმეტრია. ამ ავტომობილის სვლის სიშორე 483 კილომეტრს აღწევს.

მეოთხე ვარიანტია „Ford Mustang Mach E First Eddition“ (პირველი გამოშვება. ეს მხოლოდ სრულ ამძრავიანია და უფრო მძლავრი, ვიდრე წინა სამი ვარიანტი - 333 ცხენის ძალით და 565 ნიუტონმეტრით. სვლის სიშორე კი „კალიფორნია რუტ 1-ზე“ ოდნავ ნაკლები აქვს - 435 კილომეტრი, რაც იმის ბრალია, რომ ენერგია ოთხივე ბორბალს ხმარდება.

დაბოლოს, ყველაზე ძვირი ვარიანტია სპორტული ხასიათის მქონე „Mach E GT“, რომლის ტექნიკურ მაჩვენებლებსაც „ფორდი“ ჯერჯერობით არ ამხელს. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი სიმძლავრე 459 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 830 ნიუტონმეტრს აღწევს. ეს ავტომობილი მხოლოდ სრულ ამძრავიანი იქნება და 98.8-კილოვატსაათიანი ელემენტებით აღიჭურვება. ადგილიდან ასამდე აჩქარებას დაახლოებით სამ წამში შეძლებს, მისი სვლის სიშორე კი 378 კილომეტრს მიაღწევს.

„Ford Mustang Mach E-ს“ ყველა ვარიანტი ეკიპირებულია მობილური დასამუხტით, რომელიც 240-ვოლტიანი შტეპსელიდან ყოველი ერთსაათიანი დამუხტვით, დამატებით 35 კილომეტრის გავლის საშუალებას მოგცემთ. „ფორდს“ ინფორმაციით, დასამუხტ სადგურში, 150-კილოვატიანი სისტემით, ელემენტების 10-დან 80 პროცენტამდე შესავსებად, მხოლოდ 38 წუთია საჭირო.

„ფორდმა“ ელექტრომობილზე შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო. მსურველს შეკვეთასთან ერთად, მხოლოდ 500 დოლარის დეპოზიტის გადახდა მოუწევს. მაგრამ სასურველ ავტომობილს მაშინვე ვერ მიიღებს, ის ბაზარზე მომავალი წლის მეორე ნახევარში გამოვა.