„ფორდ მუსტანგი“ კვლავ მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი სპორტული ავტომობილია

2015 წლიდან მოყოლებული, „ფორდ მუსტანგი“ მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი სპორტული ავტომობილის ტიტულს არავის უთმობს. და არც გასულ წელს დათმო.

საინფორმაციო-ანალიტიკურ კომპანია „IHS Markit“-ის მონაცემებით, ფორდმა 2019 წელს მთელს მსოფლიოში 102 090 ცალი „მუსტანგი“ გაყიდა. სპორტულ ავტომობილებად "IHS Markit"-ის კრიტერიუმებით მოიზარება: ორკარიანი, მყარ სახურავიანი და ღია ძარიანი ავტომობილები.

ყველაზე სწრაფი ტემპით გაყიდვები საფრანგეთში გაიზარდა, სადაც წინა წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტი „მუსტანგი“ არის გაყიდული. გერმანიასა და პოლონეთში გაყიდვებმა 50-50 პროცენტით მოიმატა.

„შვედეთიდან შანჰაიმდე, ამ ახალი „მუსტანგებით“, მართვის სულ უფრო და უფრო მეტი ენთუზიასტი ახერხებს თავისუფლების შეგრძნებას და ამერიკულ ღია გზებზე ნავარდით სიამოვნების მიღებას. ჩვენ გვაქვს პატივი, 56 წლის განმავლობაში ვემსახუროთ მფლობელებს, ენთუზიასტებს და ფანებს და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ“, - ამბობს „ფორდის“ მთავარი ოპერატიული დირექტორი ჯიმ ფარლი.

„ფორდი“ მომხმარებლებს „მუსტანგის“ 12 სხვადასხვა ვერსიას სთავაზობს, რომელთა შორისაა ეკობუსტის ოთხცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი და V8 GT მოდელები, რომელთაგან თითოეულისთვის ოპციით შეთავაზებაში, ორ-ორი სპორტული პაკეტია. ამ ვერსიებს შორის ყველაზე გამორჩეულებია „ბულიტი“, „შელბი GT350“, „შელბი GT350R“ და „შელბი GT500“ დამატებითი ოპციური პაკეტებით.

„ფორდმა“ მეექვსე თაობის „მუსტანგის“ ფლეტ როკის ამწყობ ქარხანაში წარმოება 2014 წელს დაიწყო, სამი წლის შემდეგ კი პოპულარულ მასკლ ქარს განახლება ჩაუტარდა.