„ფორდმა“ მინივენ „ტურნეო კასტომის“ პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსია გამოუშვა

„ფორდმა“ თავისი სამოდელო გამის ელექტრიფიკაციის ფართო გეგმის ერთ-ერთი პირველი ნიმუში, პლაგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი „ტურნეო კასტომი“ შეიმუშავა, რომლის წარმოებასაც წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. ეს მინიბუსების სეგმენტში, პირველი პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილია.

ამერიკულმ კომპანიამ „ტურნეო კასტომ პლაგ-ინ ჰაიბრიდი“ პირველად ამსტერდამში გამართულ დიდ ღონისძიებაზე წარადგინა. მის აგრეგატში შევიდა სერია ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი ძრავი და მასთან წყვილში მომუშავე ელექტრო ძრავი, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების 13.6-კილოვატსაათიანი ბლოკი ამარაგებს.

რაც მთავარია, შიდაწვის ძრავი სვლის სიშორის გაზრდას ემსახურება და მასთან დაკავშირებული გენერატორით, ავტომობილის მოძრაობის დროს გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას, რომელსაც ელემენტების ბლოკში აგროვებს. ავტომობილის გადაადგილებას წინა წამყვანი ბორბლები უზრუნველყოფს, რომლებიც ელექტრო ძრავთან არის დაკავშირებული.

„ფორდის“ ინფორმაციით, მინიბუსს მხოლოდ ელემენტებში დაგროვილი ენერგიით 50 კილომეტრის გავლა შეუძლია, შიდაწვის ძრავის დახმარებით კი სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე იზრდება. ავტომობილი 100 კილომეტრის გასავლელად, საშუალოდ 3.3 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 75 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ელემენტების დასამუხტად ავტომობილს აქვს სპეციალური პორტი, რომელიც წინა ბამპერის მარცხენა ნაწილში, ფარის ქვემოთ არის განლაგებული. 10-ამპერიანი სისტემით, მისი ელემენტების სრულად დამუხტვას 5.5 საათი სჭირდება, 16-ამპერიანით კი ეს დრო 3 საათამდე მცირდება.

პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემის გამო, სალონში სივრცე არ შემცირებულა. ელემენტების ბლოკი, რომელსაც სითხით გაგრილების სისტემა ემსახურება, ავტომობილის სამგზავრო სეგმენტის ძირში არის განლაგებული. სალონში სულ რვა სავარძელია, რომლებიც სამ რიგად განლაგდა. ამასთან, მეორე და მესამე რიგის სავარძლების განლაგება, ეგრეთ წოდებულ საკონფერენციო სტილშია შესაძლებელი.

„ტურნეო კასტომ პლაგ-ინ ჰაიბრიდი“ ოთხ რეჟიმში მუშაობს. ესენია: EV ავტო, EV ნაუ, EV ლეიტერ და EV ჩარჯ. გარდა ამისა, შესაძლებელია ენერგიის აღდგენის სისტემის რეჟიმის შერჩევა.

„ფორდი“ პლაგ-ინ ჰიბრიდული „ტურნეო კასტომის“ მიწოდებას წლის მეორე ნახევარში დაიწყებს.