„ფორდმა“ „ესპორტისთვის“ სარბოლო გუნდი „ფორდზილა“ შექმნა

მთელს მსოფლიოში, მილიონობით ადამიანი, ყოველდღე „ფორდის“ ვირტუალური ავტომობილის საჭესთან ჯდება და მეგობრებთან ერთად, ვირტუალურ რბოლებში მონაწილეობით ერთობა. „ფორდმ“ გადაწყვიტა, რომ მათგან საუკეთესოები აარჩიოს და საკუთარ „ესპორტ“ გუნდში გააერთიანოს.

ციფრული თამაშების ევროპის უდიდეს ფორუმ „გეიმსკომ-ზე“, ამერიკულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ „ფორდზილას“ ეროვნულ გუნდებს საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და ბრიტანეთში ჩამოაყალიბებს. ამ გუნდებში საუკეთესოებს კი ევროპის გუნდში მიიწვევს.

„ჩვენ, ფორდში ისეთი სარბოლო მემკვიდრეობა გვაქვს, როგორისაც სხვებს მხოლოდ შეშურდებათ. ამჯერად კი ამ ნოუ-ჰაუს გაზიარების და მისი ესპორტის სამყაროში გამოყენების დრო მოვიდა. ამით რბოლების ახალი თაობის მოყვარულთა ყურადღებას მივიქცევთ და მათ ვირტუალურად, ფორდ პერფორმენსის ოთხიდან ერთი ავტომობილით განავარდების საშუალებას მივცემთ“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი რიოლანტ დე ვაარდი, ვინც მარკეტინგს, გაყიდვებს და მომსახურებას უძღვება.

მიმდინარე წელს ელექტრონული თამაშების გლობალური ბაზრის მოცულობის 1.1 მილიარდ დოლარამდე ზრდა არის მოსალოდნელი. ეს კი შარშანდელზე 26.7 პროცენტით მეტია. აუდიენცია 453.8 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება. აქედან 201.2 მილიონი ესპორტის ენთუზიასტი იქნება და 252.6 მილიონი - შემთხვევითი მაყურებელი. საშუალო გეიმერის ასაკი 30 წელზე მეტია.

„რეალურ და ვირტუალურ სამყაროებს შორის სხვაობა თანდათან იშლება. ვირტუალური თამაშები კულტურის ნაწილი გახდა. საუკეთესო გეიმერები, პროფესიონალ მრბოლებსაც კი ეჯიბრებიან. ჩვენი ბევრი აქტივობა თამაშებს უკავშირდება. მოთამაშე საზოგადოების გამოცდილების და გატაცების გამოყენებით, ჩვენს აზროვნებას ავითარებს და იმის განსაზღვრაში ეხმარება, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალში მგზავრობა“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ დიზაინის დირექტორი ამკო ლეენარტსი.

2017 წელს „ფორდი“ გახდა პირველი ავტომწარმოებელი, რომელმაც „გეიმსკომ-ზე“ სტანდი დაიქირავა. ამ გამოფენას ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი ესწრება. „ფორდმა“ შარშან გამოფენაზე „ფორდ რეინჯერ რეპტორი“ (ფოტოზე) წარადგინა, რომელიც ევროპაში ყველაზე გაყიდვადი პიკაპის სპორტული ვარიანტია.

იმ თამაშებს შორის, რომლებშიც „ფორდზილას“ გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, არის „მაიკროსოფტ გეიმ სტუდიოს“ „ფორცა მოტორსპორტ 7“, რომელიც მთელს მსოფლიოში, ამ ტიპის თამაშებს შორის ყველაზე პოპულარულია. ამ თამაშით მილიონობით ადამიანი ერთობა, მათგან დაახლოებით მილიონი კი „ფორდის“ ავტომობილებს ირჩევს.