„ფორდი“ საწყისი დონის მოდელს გამოუშვებს

„ფორდმა“ დაადასტურა, რომ სრულიად ახალი, ეგრეთ წოდებული საწყისი დონის მოდელის წარმოებას 2022 წლამდე დაიწყებს. ეს იქნება კომპანიის ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გაიყიდება.

ასეთი ავტომობილის გამოშვების საჭიროება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც „ფორდმა“ გადაწყვიტა, რომ ამერიკის ბაზარზე, „ფიესტას“ და „ფოკუსს“ ჰეჩბეკის და სედანის ძარებით აღარ გაყიდის. ამერიკული ბაზრიდან ამ ორი ავტომობილის გასვლის შემდეგ, კომპანიას ყველაზე ხელმისაწვდომ მოდელად ქროსოვერი „ეკოსპორტი“ დარჩება, რომლის საბაზო ფასიც თითქმის 20 ათასი დოლარია.

საწყისი დონის მოდელთან დაკავშირებული გეგმები, „ფორდის“ ვიცე პრეზიდენტმა ჯიმ ბაუმბიკმა, „ბენკ ოფ ამერიკა მერილ ლინჩის“ მიერ ორგანზებულ ავტო სამმიტზე გამოაქვეყნა. მასვე ახალი ავტომობილის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ გაუმხელია. მხოლოდ ის თქვა, რომ ეს ხელმისაწვდომი ავტომობილი იქნება.

ავტო მწარმოებლებისთვის საწყისი დონის მოდელებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან კომპანია თვლის, რომ როდესაც ადამიანი ასეთ ავტომობილს შეიძენს, ის იმდენად უნდა მოეწონოს, რომ მისი გამოცვლისას, შემდეგი ავტომობილიც, რომელიც უფრო ძვირი იქნება, იმავე კომპანიისგან იყიდოს.

ცნობისათვის, „ფორდი“ წარმოებისთვის ასევე ამზადებს საწყისი დონის პიკაპს, რომელიც გამაში „რეინჯერზე“ დაბალ საფეხურს დაიკავებს. ამ ორივე ავტომობილის გამოშვების დრო, ერთმანეთს თითქმის ემთხვევა. ბაუმბიკმა ასევე დაადასტურა, რომ მისი კომპანია საგზაო-ტემპერამენტიან ქროსოვერსაც გამოუშვებს. გაბარიტების მიხედვით, ის „ეჯსა“ და „ისკეიპს“ შორის იქნება. ასევე საინტერესოა, რომ დაახლოებით იგივე გაბარიტებში ჩაჯდება „მუსტანგის“ სტილის ელექტრული ქროსოვერი.

ბაუმბიკმა ასევე გამოაცხადა, რომ „ფორდის“ მოდელების სასიცოცხლო ციკლი შეიკვეცება, რაც კომპანიას მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის საშუალებას მისცემს. კერძოდ, თუ ამჟამად მოდელების საშუალო სასიცოცხლო ციკლი 5.6 წელია, 2020 წლიდან ეს მაჩვენებელი 3.3 წლამდე შემცირდება. შემდგომში ციკლის სამ წლამდე შემცირება იგეგმება.