„ფორდი“ ევროპელებს ახალ „რეინჯერ რეპტორს“ უმზადებს

„ფორდი“ ევროპაში გასაყიდად პიკაპ „რეინჯერ რეპტორს“ ამზადებს, რომლის მიწოდებაც ზაფხულში დაიწყება. ევროპისთვის „რეინჯ რეპტორს“ შასი გაუძლიერეს, მისი საკიდარი სარბოლო ყაიდაზე მომართეს, გაზარდეს ბორბლების კვალი და კლირენსი. „ფორდის“ განმარტებით, ეს არის ავტომობილი, რომლითაც ყველგან წახვალთ და რომლითაც უგზოობაშიც კი მაღალი სიჩქარით გადაადგილებას შეძლებთ.

ევროპული ბაზრისთვის, ავტომობილი დიზელის იმ ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი აგრეგატით და 10-საფეხურიანი ავტომატური კოლოფით აღიჭურვა, რომელიც მამოძრავებელი ძალით „F-150 რეპტორსაც“ უზრუნველყოფს. ის 210 ცხენის ძალას და 500 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.

სტანდარტულ „რეინჯერთან“ შედარებით, „რეინჯერ რეპტორს“ 150 მილიმეტრით განიერი კვალი და 51 მილიმეტრით მაღალი კლირენსი აქვს. ის აღჭურვილია „ფოქსის“ ამორტიზატორებით, რომლებიც გაზრდილი სვლით გამოირჩევა. უკანა საკიდარში კი სპეციალურად შემუშავებული ზამბარებია გამოყენებული.

ავტომობილი უფრო მძლავრი მუხრუჭებით აღიჭურვა, რომლებიც 33-დუიმიან ბორბლებში მოთავსდა. ბორბლები კი „BF გუდრიჩის“ საბურავებით (285/70 R17) დაკომპლექტდა. შასი ოფ-როუდისთვის შესაფერისი გეომეტრიით არის. მისი კლირენსი 283 მილიმეტრია. წინა გადმონაშვერის დახრა 32.5 გრადუსს აღწევს, უკანისა კი - 24-ს.

უგზოობის პირობებში მოძრაობისას, ავტომობილს გზის ტიპის შესაბამისად, ექვს სხვადასხვა რეჟიმში მუშაობა შეუძლია. ესენია: ნორმალი, სპორტი, გრას/გრაველ/სნოუ (ბალახი/გრუნტი/თოვლი), მად/სანდ (ტალახი/ქვიშა), როკ (ქვა) და ბახა. ცნობისათვის, ბახა უგზოობის პირობებში რბოლების სახეობაა (დაკარის რალი-რეიდის ტიპის) და ამ რეჟიმში ავტომოილი ყველაზე სწრაფი და ექსტრემალურია.

უგზოობის გარდა, „რეინჯერ რეპტორი“ საუკეთესო თვისებებით ასფალტზეც გამოირჩევა, რასაც საკიდარის შესაბამისად მომართვა უზრუნველყოფს. გარდა ამისა, პიკაპი საწვავის ზომიერი ხარჯითაც გამოირჩევა - კომბინირებულ რეჟიმში 100 კილომეტრზე 8.9 ლიტრი დიზელი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 233 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, 10.5 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 170 კმ/სთ-ს აღწევს. ავტომობილი 2 510 კილოგრამს იწონის და მას 2.5-ტონიანი მისაბმელის ტარება შეუძლია.