„ფორდი“ ლე მანზე საჩემპიონო ფერებში გამოწყობილი იასპარეზებს

„ფორდმა“ გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული „საზეიმო ფერები“, რომლებში გამოწყობილი ოთხი „ფორდ GT“, ლე მანის 24-საათიან რბოლაში იასპარეზებს. როგორც წინა სეზონებში, ამჯერადაც ამერიკულ კომპანიას პარტნიორობას, ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული სარბოლო საჯინიბო, „ჩიპ განასი რეისინგი“ გაუწევს.

ლე მანის წლევანდელი რბოლა ბოლოა „ფორდის“ ამ ფორმაციის გუნდისთვის. სწორედ ამიტომ, მანქანები იმ ფერებში გამოაწყვეს, რომლებითაც 1960-იან წლებში ლე მანზე ზედიზედ (1966, 1967, 1968 და 1969 წლებში) ოთხი გამარჯვება იქნა მოპოვებული. პირველი დიდი გამარჯვების აღსანიშნად, „ფორდი“ ლე მანზე 2016 წელს დაბრუნდა და თავის კლასში გამრჯვება მოიპოვა.

„1966 წელს მოპოვებული შესანიშნავი გამარჯვებიდან 50 წლის შემდეგ, „ფორდი“ ლე მანზე 2016 წელს დაბრუნდა და გაიმარჯვა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ყოფნა საამაყო მომენტი იყო ჩემთვის. ჩვენი გუნდის მხარდასაჭერად, ლე მანს წელსაც დავესწრები“, - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარე ბილ ფორდი.

„ჩიპ განასის“ გუნდის ოთხი GT-ს გარდა, რბოლაში მეხუთეც იასპარეზებს (GTE Am კლასში) და ამ შემთხვევაში, ცისფერი ოვალის პარტნიორი „კიტინგ მოტორსპორტსი“ იქნება.

#66 „ფორდ GT-ს“ ეკიპაჟში იასპარეზებენ: გერმანელი შტეფან მუკე, ფრანგი ოლივიე პლა და ამერიკელი ბილი ჯონსონი. 1966 წლის ლე მანის გამარჯვებული „ფორდ GT40-ის“ მსგავსად, მათი მანქანის ძირითადი ფერი შავია. ცნობისათვის, მაშინ ტრიუმფატორ ეკიპაჟს მხოლოდ ორი წევრი - ლეგენდარული ბრიუს მაკლარენი და კრის ეიმონი (ორივე ახ. ზელანდია) მართავდა.

#67 ეკიპაჟის წევრები არიან: ბრიტანელები ენდი პრიოლი და ჰარი ტინკნელი, ასევე ამერიკელი ჯონათან ბომარიტო. 1967 წლის ლე მანზე გამრჯვება ლეგენდარულმა ამერიკელებმა, დენ გარნიმ და ეი ჯეი ფოიტმა, „ფორდ GT40-ით“ მოიპოვეს. ამ ეკიპაჟის ძირითადი ფერი წითელია.

#68 ეკიპაჟში შევიდნენ: გერმანელი დირკ მიულერი, ამერიკელი ჯოი ჰენდი და ფრანგი სებასტიან ბურდე. მათი ავტომობილი იმავე ლურჯ-თეთრ-წითელ ფერებშია გამოწყობილი, რომლებითაც „ფორდის“ ამავე ეკიპაჟმა, 2016 წლის ლე მანი მოიგო.

#69 ეკიპაჟის წევრები არიან: ახალზელანდიელი სკოტ დიქსონი, ავსტრალიელი რაიან ბრისკო და ბრიტანერლი რიჩარდ ვესტბრუკი. მათი მანქანის ძირიტად ფერი თეთრია, ისევე როგორც 1966 წლის რბოლაში მეორეზე (იმ რბოლის კვარცხლბეკის სამივე საფეხური „ფორდის“ ეკიპაჟებმა შეავსეს) გასული ეკიპაჟისა.

დაბოლოს, „კიტინგ მოტორსპორტსის“ ეკიპაჟის ნომერია #85. ეს ავტომობილის იმავე გრაფიკით არის გაფორმებული, როგორითაც პირველი ოთხი ეკიპაჟი. ოღონდ, ძირითად ფერად გუნდის სატიტულო სპონსორის, „ვინ’ს-ის“ იასამნისფერი შეირჩა. ამ ავტომობილის პილოტები არიან: ამერიკელი ბენ კიტინგი, ჰოლანდიელი ჯეროენ ბლეკემოლენი და ბრაზილიელი ფელიპე ფრაგა.

ლე მანის 2019 წლის რბოლასა საფრანგეთის სარტეს ტრეკი 15-16 ივნისს უმასპინძლებს.