„ფორდი“ თავის ისტორიაში ყველაზე პატარა პიკაპს გამოუშვებს

ოღონდ... ეს იქნება ემოჯი! „ფორდი“ იმ სიცარიელეს, რომელიც ემოჯის „ბაზარზე“ არსებობს, თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და მომხმარებლებს ახალ ემოჯის შესთავაზებს, რომელსაც კომპანიის პიკაპის მოხაზულობა ექნება. კომპანიამ თავისი ემოჯის დასარეგისტრირებლად, შარშან უკვე მიმართა „უნიკოდ კონსორციუმს“, რომელიც მთელს მსოფლიოში ამ საქმეს უძღვება.

ცნბილია, რომ ციფრულ სამყაროში უკვე 3 000-ზე მეტი ემოჯი არსებობს, რომელთა შორისაც, ავტომობილების, სკუტერების, თვითმფრინავების, კოსმოსური ხომალდების, გემების და ბევრი სხვა რამის ემოჯი არსებობს, მაგრამ მათ შორის ჯერჯერობით ერთი პიკაპიც არაა. სიმბოლურია, რომ ცისფერი ოვალი ამ ნაკლს გამოასწორებს. სიმბოლური იმიტომ, რომ მისი F-სერიის პიკაპი, ათწლეულების განმავლობაში არავის უთმობს გაყიდვებში პირველობას.

„ფორდის“ პრეზიდენტი ჯოი ჰინრიხსი ამბობს, რომ როცა მომხმარებლებმა პიკაპის ემოჯი მოითოვეს, კომპანიამ უმალ გადაწყვიტა, რომ მათი სურვილი უნდა დაეკმაყოფილებინა. „თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში ფორდის პიკაპების პოპულარობას, ჩვენგან სრულიად ახალი პიკაპის ემოჯის შეთავაზება ლოგიკურად აღიქმება“, - ამბობს ჰინრიხსი.

ამჟამად „ფორდის“ პიკაპი „უნიკოდის“ კანდიდატთა სიაშია და მისი დამტკიცების შემთხვევაში, ის მობილური პლატფორმების პაკეტში 2020 წლიდან გამოჩნდება.