„ფორდის“ 1.0-ლიტრიანმა ეკობუსტმა ძრავების მე-11 ოსკარი მოიგო

„ფორდს“ ყველაზე პატარა, მძლავრი და ეკონომიური ძრავი, რომელიც 1.0-ლიტრიანი ეკობუსტის სახელით არის ცნობილი, ძრავების და ძალური დანადგარების ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე (IEPOTY), 150 ცხენის ძალამდე სიმძლავრის აგრეგატებს შორის, საუკეთესოდ დასახელდა. ამ ძრავისთვის, აღნიშნულ კონკურსზე ეს უკვე მე-11 გამარჯვებაა 2012 წლის შემდეგ.

ეს 140-ცხენისძალიანი ძრავი, მასში გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიების გარდა, იმითაც გამოირჩევა, რომ „ფორდის“ მიერ შარშან გაყიდული ყოველი 4 ავტომობილიდან, ერთზე მეტი, მისით არის აღჭურვილი. ის დგას როგორც პატარა ჰეჩბეკ „ფიესტას“, ასევე ვენ „ტრანზიტ კონექტის“ კაპოტქვეშ.

„ფორდმა“ ამ სამცილინდრიანი ძრავის ის ვერსია, რომელსაც „ფოკუსზე“ და „ტრანზიტ კონექტზე“ იყენებს,  ახლახანს განაახლა, რის შემდეგაც გაუმჯობესდა მისი ეკონომიურობა და ეფექტურობა. სიახლეთა შორის არის ცილინდრის დეაქტივაციის სისტემა, როგორსაც აქამდე მხოლოდ მრავალცილინდრიან ძრავებზე იყენებდნენ.

მოდიფიკაცია ჩაუტარდა ცილინდრების თავს, საწვავის შეფრქვევის და გამონაბოლქვის კონტროლის სისტემებს, მაღალი წნევით უშუალოდ შეფრქვევის სისტემას, ტურბო სისტემას, ასევე დამოუკიდებლად ცვალებადი ფაზების მქონე აირგანაწილების სისტემას.  მოდიფიცირებული ძრავი თანდათან სხვა მოდელებზეც გამოჩნდება.

„1.0-ლიტრიანი ეკობუსტი, ბენზინის კომპაქტური ძრავების სეგმენტში, შვიდი წელია, ეტალონის როლს ასრულებს და ამ პერიოდში უკვე კონკურსის 11 ჯილდო აქვს მიღებუყლი. ამ ძრავის 1.6 მილიონი ეგზემპლარი გზაზე დგას, ჩვენ კი ისევ ვაგრძელებთ მისი პოტენციალის სრულად ათვისებას. მალე გზაზე ამ ძრავის ელექტრიფიცირებული ვერსიაც გამოვა“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ კვლევისა და ძრავების მოწინავე ინჟინერიის დეპარტამენტის მენეჯერი კარსტენ ვებერი.

კონკურსის ჟიური, 31 ქვეყნის საავტომობილო სფეროს 70 წარმომადგენლისგან შედგება, რომლებმაც სუბ-150-ცხენისძალიან კატეგორიაში, „ფორდის“ ძრავს 145 ქულა მიანიჭეს.

ცნობისათვის, „ფორდის“ 1.0-ლიტრიან სამცილინდრიან ეკობუსტს, IEPOTY აბსოლუტური გამარჯვებულის ჯილდო ზედიზედ სამჯერ (2012, 2013 და 2014 წლებში) აქვს მოგებული.