ფორდის დიზაინერები ვირტუალურ სამყაროში ერთად იმუშავებენ

„ფორდისა“ და კომპანია „გრავიტი სკეჩის“ მიერ, ერთობლივად შემუშავებული 3D ტექნოლოგია „კო-ქრიეიშენ, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ დიზაინერებს და ინჟინრებს, ვირტუალურ სივრცეში ერთობლივად მუშაობის საშუალებას მისცემს.

წარმოიდგინეთ, რომ კომპანიის შანჰაისა და დირბორნის ტექნიკური ცენტრების დიზაინერები თავზე მოირგებენ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც მათ ერთ ვირტუალურ სივრცეში მოაქცევს. იქ ისინი ერთობლივად იმუშავებენ პროექტზე, რომელიც გლობალური მოდელის შემუშავებას ითვალისწინებს. დიზაინსა და კონსტრუქციაში შეიტანენ ცვლილებბს, რომლებიც ავტომობილს კონკრეტული (ჩინური და ამერიკული) ბაზრების მომხმარებელთა მოთხოვნებს შეუსაბამებს. შემდეგ მოიხსნიან ამ მოწყობილობებს და თავ-თავიანთ ცენტრებში, ვირტუალურ სამყაროში ერთობლივი მუშაობისას მიღებულ გადაწყვეტებზე გააგრძელებენ მუშაობას.

ამგვარად, „კო-ქრიეიშენის“ მეშვეობით, ათასობით კილომეტრით დაშორებული ადამიანები ერთად მუშაობას შეძლებენ, რაც კომპანიას ავტომობილის შემუშავებისას, დროს და სახსრებს დააზოგვინებს.

„ფორდი“ პირველი საავტომობილო კომპანიაა, რომელიც „გრავიტი სკეჩთან“ ერთად, ამგვარ ვირტუალურ ტექნოლოგიას ნერგავს. მისი მეშვეობით, დიზაინერებს მათ მიერ შემუშავებული ვირტუალური ავტომობილის ნაწილების დახაზვა, მობრუნება, გაზრდა, შემცირება და ბევრი სხვა მანიპულაცია შეუძლიათ.

„გრავიტი სკეჩის“ მიერ შემუშავებული ვირტუალური ტექნოლოგიების გამოყენებით, კვირების საქმე საათებში გაკეთდება და ბევრ ისეთ პროცესს გამოტოვებს, რომლებიც შრომატევადიცაა და ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. დიზაინერები სწრაფად გაუცვლიან ერთმანეთს იდეებს და მათ სწრაფადვე განახორციელებენ. ყველაფერთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების ათვისების საქმეშიც, ინსტრუქტაჟი და სპეციალისტების მომზადება-გადამზადებაც ამავე სისტემების დახმარებით შესრულდება.

„კო-ქრიეიშენის“ დახმარებით, „ფორდის“ ხუთი გლობალური დიზაინ სტუდია, პროექტებზე ერთობლივად მუშაობას შეძლებს. ეს კი ბაზარზე ახალი მოდლების გამოშვებას დააჩქარებს, რაც ფულადი სახსრების დაზოგვასთან ერთად, კომპანიას ახალი ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვის და საკუთარი მოდელების კონკურენტუნარიანობის გაზრდის საშუალებას მისცემს.