უახლეს „ფორდ ფოკუსს“ მედიკოსები სავარძლებს უქებენ

მედიკოსთა კვლევებით, ზურგის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ექსპერტთა გათვლებით, ევროპელთა დაახლოებით ნახევარს, ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში, ის აუცილებლად შეაწუხებს. ზურგმტკივანი ადამიანისთვის კი ავტომობილით მგზავრობა მეტად არაკომფორტული და დამღლელია. სწორედ ზურგმტკივანი ადამიანებისთვის, „ფორდმა“ თავისი უახლესი „ფოკუსი“ დააკომპლექტა წინა სავარძლებით, რომლებიც 18 მიმართულებით რეგულირდება და მასზე მჯდომებს მაქსიმალური კომფორტით და მხარდაჭერით უზრუნველყოფს. აღნიშნულმა სავარძლებმა, ხერხემლის დაცვის წამყვანი ორგანიზაციის, გერმანული AGR-ის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. „ფორდის“ საწარმოო პროგრამაში „ფოკუსი“ პირველი ავტომობილია, რომელმაც AGR-ის დამოუკიდებელი ტესტების პროგრამის შემდეგ, ამ ორგანიზაციის აღიარება დაიმსახურა. ასეთი აღიარებისთვის აუცილებელია, რომ სავარძელი მგზავრს ნებისმიერ პოზიციაში ჯდომისას ერგებოდეს და არა პირიქით. „არასწორ პოზიციაში ჯდომისას, მძღოლს წინ გადახრა უწევს, რა დროსაც, დატვირთვა მის წელზე იზრდება. ახალ „ფოკუსზე“ მუშაობისას, ჩვენი მიზანი ის იყო, რომ შეგვექმნა 18 მიმართულებით რეგულირებადი სავარძელი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მოერგება. ის ნებისმიერი აღნაგობის მძღოლს იმის საშუალებას აძლევს, რომ სწრაფად დაიკავოს მოსახერხებელი პოზიცია. ეს განსაკუთრებით კარგია შორეული მგზავრობისას“, - ამბობს „ფორდ ფოკუსის“ მთავარი პროგრამული ინჟინერი გლენ გულდი. კვლევები აჩვენებს, რომ ევროპელები საჭესთან დღეში საშუალოდ ერთ საათს ატარებენ. ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შესაბამისად, მძღოლთა 75 პროცენტი ზურგის ტკივილს უჩივის, რასაც მეტწილად, სავარძლებზე არასწორი პოზიცია იწვევს. ამავე მიზეზს ასევე კისრის ტკივილის, კუნთების დაღლილობის და სისხლის მიმოქცევის შეზღუდვის გამოწვევა შეუძლია. ეს ყველაფერი კი სწრაფ დაღლას განაპირობებს. AGR-ის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, „ფორდის“ ინჟინრებმა გაზარდეს სავარძლის მხარდაჭერა ფეხებისთვის და წელისთვის. სავარძლების 18 მიმართულებით რეგულირება მოიცავს სავარძლის სიმაღლის, დახრის, სიგრძის ცვლას, გაზრდილია ზურგის, კისრის და თეძოების არეში მხარდაჭერა.  ამასთან, წელის არეში ოთხი მიმართულებით რეგულირებას, ელექტრონიკა აკონტროლებს. სავარძლების ტესტებში სხვადასხვა წონის, სიმაღლის და აღნაგობის ქალი და მამაკაცი მძღოლები მონაწილეობდნენ. გამძლეობაზე ტესტების დროს, სატესტო ავტომობილებმა ჯამში 150 000 კილომეტრზე მეტი გაირეს. ასევე გამოიყენეს რობოტული სიმულატორი „რობუტი“, რომელიც სამ დღეში 10-წლიანი ექსპლუატაციის სიმულირების საშუალებას იძლევა. სვლის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ახალი „ფოკუსი“ ასევე ეკიპირებულია ორმოების დაფიქსირების ტექნოლოგიით, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია ორმოების დიდი ნაწილის ხისტი ზემოქმედების თავიდან აცილება. გარდა ამისა, წინა თაობის „ფოკუსთან“ შედარებით, უკანა სავარძლების მგზავრების მუხლებისთვის, სივრცე 5 სანტიმეტრით, მხრების დონეზე სივრცე კი 6 სანტიმეტრით არის გაზრდილი.