სატრეკო „ფორდ GT Mk2-ს“ პრემიერა გუდვუდში

მეორე თაობის „ფორდ GT“ საკულტო სუპერ ავტომობილია, რისთვისაც ისიც კმარა, რომ ლე მანის 24-საათიან რბოლაზე პირველი ტრიუმფიდან 50 წლის შემდეგ, ეს რბოლა ისევ მოიგო (2016 წელს). მისი შეძენის შესაძლებლობა კი წლიურად მხოლოდ 250 ადამიანს აქვს.

გუდვუდის (ბრიტანეთი) სიჩქარის ფესტივალზე, ამერიკულმა კომპანიამ GT-ს კიდევ უფრო ექსკლუზიური, სატრეკო ვერსია, „ფორდ GT Mk2“ წარადგინა, რომელსაც მხოლოდ 45 ცალს დაამზადებს და თითოეულს 1.2 მილიონ დოლარად გაჰყიდის. ეს ავტომობილი „ფორდ პერფორმენსმა“ და კანადურმა „მულტიმატიკმა“ ერთობლივად შეიმუშავეს და რბოლებში დაგროვილი გამოცდილება, პრაქტიკულად ყველა კომპონენტის პროექტირებისას გამოიყენეს.

„GT Mk2-ში ფორდ GT-ს შესაძლებლობები, იმ შეზღუდვების გარეშეა გამოყენებული, რომლებსაც სარბოლო სერიები ტექნიკური რეგლამენტით აწესებენ. მისი მეშვეობით, მფლობელები იმ შეგრძნებებს მიიღებენ, რომლებიც ლე მანის მონაწილეებს აქვთ“, - ამბობს „ფორდის“ პროდუქციის განვითარების და შესყიდვების შეფი ჰაუ თაი-ტანი.

ავტომობილი საგზაო და სარბოლო GT-ს ერთგვარი ნაზავია და მათს ბაზაზეა დამზადებული. ამასთან, დაიხვეწა მისი აეროდინამიკა და ძრავი. ავტომობილის ბევრ კომპონენტს უმკაცრესი გამოცდები, გამძლეობაზე რბოლებში აქვს ჩაბარებული.

სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი V6 ძრავი 700 ცხენის ძალამდე გაძლიერდა. ეს 200 ცხენით მეტია სარბოლო ავტომობილის სიმძლავრეზე, რომელიც რეგლამენტით არის შეზღუდული. ამგვარად, Mk2 სუპერ ავტომობილ GT-ს ყველა დროის უმძლავრესი ვერსიაა.

ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული. მნიშვნელოვნად ძრავის გაზრდილი სიმძლავრის გამო, მოდფიკაციები კოლოფსაც ჩაუტარდა. თუმცა მას სტანდარტული კოლოფის კონსტრუქცია აქვს.

სიმძლავრის ზრდის გამო, გაიზარდა გაგრილების სისტემის წარმადობა, რასაც დიდი ზომის რადიატორები უზრუნველყოფს. გარდა ამისა, გაგრილების სისტემაში შევიდა სპეციალური ფრქვევანები, რომლებიც რადიატორებს გარედან წყალს აფრქვევენ, როცა ჰაერის ტემპერატურა მეტისმეტად მაღალია და რადიატორების შესაძლებლობბეი ეფექტურ გაგრილებას ვეღარ უზრუნველყოფს. ძრავის და ტრანსმისიის გაგრილებას ასევე ემსახურება სახურავზე მოთავსებული ჰაერის ამღები.

ძრავის სიმძლავრის გაზრდის კვალობაზე, ავტომობილი უფრო მძლავრი მუხრუჭებით აღიჭურვა, რომლებიც საგზაო მოდლის ბაზაზე დამზადდა. ავტომობილი ნაჭედი ალუმინისგან დამზადებულ 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „მიშლენს“ სარბოლო (პაილოტ სპორტ GT) საბურავებითაა შემოსილი.

სიახლეებია ექსტერიერში. კერძოდ, ავტომობილი ახალი წინა სპლიტერით და უკანა დიფუზორით არის ეკიპირებული. უკან დიდი ზომის ანტი ფრთა განლაგდა. აეროდინამიკური ელემენტები, საგზაო ვერსიასთან შედარებით, ჩაჭიდებას ჯამში 400 პროცენტით (!) ზრდის.

განხლდა საკიდარი, რომელსაც აღარ აქვს სიმაღლის ცვლის და რეჟიმების ცვლის სისტემა, ამის წყალობით კი 90 კილოგრამით შემსუბუქდა. უფრო მეტიც, ის მოსახვევის 2G ცენტრიდანული აჩქარებით გავლის საშუალებას იძლევა.

სალონში „სპარკოს“ სარბოლო ყაიდის სავარძრლი განლაგდა, რომლებიც ექვსწერტილოვანი ღვედებით არის ეკიპირებული. ცენტრალურ კონსოლზე ციფრული ეკრანი განლაგდა, რომელიც საჭიროებისას, უკანა კამერის მონიტორის როლსაც ასრულებს. მყიდველის სურვილის შემთხვევაში, სალონს მეორე სავარძელიც დაემატება.