ოქრო-ვერცხლით და ბრილიანტებით მორთული „ფორდ ესკორტის“ მოდელი

მასშტაბური მოდელები ძვირი არ ღირს. ასეთები ათასობით მზადდება და იყიდბა. მაგრამ ეს 1:25 მასშტაბის „ფორდ ესკორტ Mk2“, როგორითაც 1970-იანების ბოლოს, ლეგენდარული ფინელი არი ვატანენი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა, საიუველირო ხელოვნების შედევრია.

პატარა ავტომობილი ცნობილმა იუველირმა რასელ ლორდმა დაამზადა. მას „ესკორტთან“ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს - ცხოვრების განმავლობაში, ამ სახელის მქონე 55 ავტომობილს ფლობდა. ამ პატარა მოდელის აწყობა კი 25 წლის წინათ დაუწყია.

ლორდის „ფორდ ესკორტ Mk2“ ვერცხლის, ოქროს და ბრილიანტებისგან არის აწყობილი. კერძოდ, ძარა ვერცხლისგან დამზადდა, სპოილერი, ბორბლები და მუხრუჭები 18 კარატი ოქროსგანაა დამზადებული. ლორდმა რადიატორის ცხაურისთვის 18 კარატი თეთრი ოქრო გამოიყენა. წინა ფარები ბრილიანტისაა, მუხრუჭის ფარები - რუბინის, მოხვევის ციმციმები კი - ნარინჯისფერი საფირონისა.

„ამ მანქანაზე მუშაობა ერთგვარ ჰობიდ მექცა, მას თავს არ ვანებებდი. მისი დასრულება სამი წლის წინათ გადავწყვიტე. ამ მანქანას, მის ყველა ნაწილს და კუნჭულს, კარგავ ვიცნობ. ამიტომ, გეგმა არც შემიდგენია“, - ყვება ლორდი.

მარტო ის მასალები, რომლებიც მასშტაბური მოდელისთვისაა გამოყენებული, 90 000 ევრო ღირს. მასზე დახარჯული ათასობით საათის შრომა კი შეუფასებელია. და მაინც, ლორდმა ის აუქციონზე გაიტანა, საიდან მიღებული შემოსავალიც ქველმოქმედებას მოხმარდება.