ახალი „ფორდ კუგა“ ელექტრიფიცირებული ვერსიებით

„ფორდმა“ ახალი „კუგა“ გამოუშვა, რომელიც მის ისტორიაში, უგზოობის ყველაზე ელექტრიფიცირებული მოდელია. მყიდველს მისი სამი ელექტრული ვერსიის შეძენის საშუალება მიეცემა. ესენია მსუბუქად ჰიბრიდული, პლაგ-ინ ჰიბრიდული (დიზელის ძრავით) და ჰიბრიდული თვითდამუხტვის ფუნქციით.

ახალი „კუგა“ უგზოობის პირველი ავტომობილია, რომელიც „ფორდმა“ პლატფორმა C2-ზე ააგო. ცნობისათვის, ამავე პლატფორმაზეა ჰეჩბეკი „ფოკუსი“. ცისფერი ოვალის ინფორმაციით, ახალი „კუგა“ წინამორბედზე 90 კილოგრამით მსუბუქია.

ახალ პლაგ-ინ ჰიბრიდულ აგრეგატში გაერთიანებულია ბენზინის 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი და ელექტრო ძრავი, რომელსაც ენერგიით, ელემენტების 14.4 კილოვატსაათიანი ბლოკი ამარაგებს. აგრეგატის ჯამური სიმძლავრე 225 ცხენის ძალაა. მხოლოდ ელექტრო ენერგიის ხარჯზე, ავტომობილს 50 კილომეტრის გავლა შეუძლია. მისი საშუალო გამონაბოლქვი კი კილომეტრზე მხოლოდ 29 გრამ ნახშირორჟანგს შეიცავს. ეს იქნება „ფორდის“ პირველი პლაგ-ინ ჰიბრიდული მოდელი ევროპულ ბაზარზე.

იგივე 2.5-ლიტრიანი ძრავი შევა თვითდამუხტვადი ჰიბრიდული „კუგას“ აგრეგატში. მასთან ერთად, ელექტრო ძრავი იმუშავებს, რომელსაც ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი მიაწვდის. „ფორდი“ ჯერჯერობით ამ ვერსიის მაჩვენებლებს არ ამხელს. ბაზარზე ის 2020 წლის მეორე ნახევარში გამოვა.

რაც შეეხება მსუბუქად ჰიბრიდულ „კუგას“, მის ძალურ დანადგარში მთავარ როლს დიზელის 2.0-ლიტრიანი ძრავი (147 ცხენის ძალა) ასრულებს, რომელიც სტარტერ-გენერატორთან ღვედით არის დაკავშირებული. დანადგართან არის გაერთიანებულია ლითიუმ-იონური ელემენტების 48-ვოლტიანი ბლოკი. „ფორდი“ ვარაუდობს, რომ ამ აგრეგატით აღჭურვილი „კუგა“, ყოველი კილომეტრის გავლისას ატმოსფეროში 132 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ახალი „კუგას“ ძრავების გამაში ასევე შევიდა დიზელის სერია ეკობლიუს 1.5-ლიტრიანი (118 ცხენის ძალა) და 2.0-ლიტრიანი (187 ცხენის ძალა) ძრავები, ასევე სერია ეკობუსტის (ბენზინი) 1.5-ლიტრიანი ძრავის ორი ვერსია (118 და 147 ცხენის ძალა). მათთან წყვილში იმუშავებს 6-საფეხურიანი მექანიკური და ახალი 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფები. „ფორდი“ მყიდველს წინა და სრულ ამძრავიან ვერსიებს შესთავაზებს.

ახალი პლატფორმის წყალობით, ახალი „კუგა“ წინამორბედზე 44 მილიმეტრით განიერია და მისი ბორბლების ბაზა 20 მილიმეტრით გრძელია. ამით საგრძნობლად გაიზარდა მისი სალონის სივრცე, რომელიც მხრების დონეზე 20 მილიმეტრით, თეძოების დონეზე კი 36 მილიმეტრით განიერია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი „კუგა“ წინაზე 20 მილიმეტრით დაბალია, მისი სალონის სიმაღლე, წინა სავარძლების გასწვრივ 13 მილიმეტრით, უკანა სავარძლების გასწვრივ კი 35 მილიმეტირთ გაიზარდა. საინტერესოა, რომ უკანა სავარძლებს სიგრძეში გადაადგილების ფუნქციაც აქვს, რითაც ფეხებისთვის არსებული სივრცის გაზრდაა შესაძლებელი.

ახალი „კუგა“ ეკიპირებულია „ფორდპას კონექტ“ მოდემური ტექნოლოგიით, რომელსაც უკაბელო ინტერნეტის გარდა, ბევრი სხვა ფუნქციაც აქვს. ის არის საავტომობილო ლოკატორიც, სალონის შორიდან გაღება-ჩაკეტვის და შორიდან დაქოქვის სისტემაც და არაერთი აპლიკაციის შეთავსებაც შეუძლია.

სალონში განლაგდა მაჩვენებლების დაფის 12.3-დუიმიანი ციფრული ეკრანი, SYNC3 ინფოტაინმენტ სისტემის 8.0-დუიმიანი სენსორული ეკრანი, უსადენო დასამუხტი დაფა და ბევრი სხვა სისტემა. ოპციის სახით, მყიდველს B&O საუნდ სისტემასაც შესთავაზებენ.

საბაზო ვერსიის გარდა, მყიდველს სპორტული ხასიათის ვერსია ST-ლაინს, მდიდრულ „ვინიალეს“, ასევე ვერსია „ტიტანიუმს“ შესთავაზებენ.