„ფორდმა“ სედან „ტორასის“ წარმოება შეწყვიტა

იმ გეგმის შესაბამისად, რომელიც ამერიკის ბაზარზე სედანების და ჰეჩბეკების გაყიდვების შეწყვეტას ითვალისწინებს, „ფორდმა“ თავის ჩიკაგოს ამწყობ ქარხანაში, სედან „ტორასის“ წარმოება შეწყვიტა.

ამ ავტომობილის ჩიკაგოს ქარხანა უკვე 34 წელია აწარმოებს და ამ დროის განმავლობაში, იქ 8 მილიონზე მეტი „ტორასი“ დამზადდა. მისი პრემიერა ლოს ანჯელესის 1985 წლის ავტო შოუზე გაიმართა. ეს იყო კომპანიის ერთ-ერთი პირველი ავტომობილი, რომელზეც კუთხოვანი სტილი, მომრგვალებულმა ფორმებმა შეცვალა.

1992 წლიდან „ტორასი“ ამერიკის ყველაზე გაყიდვადი სედანი გახდა. 1998 წლიდან კი „ფორდმა“ თავისი პოპულარული სედანი ნასქარ-ის სერიის ჩემპიონატში ჩართო და მასთან ერთად, არაერთი რბოლა და ტიტული მოიგო.

ახალი გეგმით, „ფორდს“ ამერიკულ ბაზარზე აქცენტი პიკაპებზე, უგზოობის მოდელებსა და ქროსოვერებზე გადააქვს, სხვა მოდელებს კი საშინაო ბაზარზე აღარ გაჰყიდის. ერთადერთი გამონაკლისი „მუსტანგია“.