ახალ „ფორდ ფოკუსს“ უკვე 12 ჯილდო აქვს მიღებული

ახალ „ფორდ ფოკუსს“ უკვე 12 ჯილდო აქვს მიღებული

სულ ექვსი თვეა, რაც ახალი „ფორდ ფოკუსი“ ევროპის ბაზარზე გამოვიდა და მას უკვე 12 პრესტიჟული ჯილდო აქვს მოპოვებული. მათგან ორი, წლის ავტომობილის წოდებაა (ფინეთსა და ხორვატიაში).

ზაფხულიდან ნოემბრის ჩათვლით ევროპაში 42 100 ახალი „ფოკუსია“ გაყიდული. ყველაზე მეტი პოპულარობით, „ფოკუს ST-ლაინი“ სარგებლობს, რომელზეც საერთო გაყიდვების 40 პროცენტზე მეტი მოდის.

ყოველი ექვსი გაყიდული „ფოკუსიდან“ ერთი ლურჯი (ქრომ ბლიუ და დესერტ აილენდ ბლიუ) ფერისაა. პოპულარობის სარგებლობს ნაცრისფერი (მაგნეტიკ გრეი) და თეთრი (ფროზენ უაით) ფერები. მოსალოდნელზე მეტად პოპულარულია ახალი 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

„ფორდი“ ახალ „ფოკუსს“ თავის ზაარლუისის (გერმანია) ქარხანაში აწარმოებს, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის ეკიპირებული. ავტომობილი ხუთკარიანი ჰეჩბეკის და უნივერსალის ძარებით მზადდება. „ST-ლაინის“ გარდა მყიდველს ასევე სთავაზობენ „ტრენდ“ და „ტიტანიუმ“ ვარიანტებს, ასევე პრემიუმ შესრულების „ვინიალეს“. მყიდველს ასევე ქროსოვერის სტილის „ფოკუს ექტივის“ შეკვეთის შესაძლებლობაც აქვს.

„მედია, საავტომობილო ექსპერტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლები, უშურველად აქებენ ახალ ფოკუსს. ეს კი იმ ჯილდოების მიღებაში აისახება, რომლებიც მას უკვე მოპოვებული აქვს. და იმ ტემპშიც, რომლითაც შოურუმები ცარიელდება. ასეთ კონკურენტულ სეგმენტში საუკეთესოს სახელის მოპოვება, ქების უმაღლესი დონეა“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ „ფოკუსის“ პროგრამის მთავარი ინჟინერი გლენ გულდი.

ახალი „ფოკუსი“ ბევრი თვისებით გამოირჩევა, რომლებიც მის პოპულარობას განაპირობებს. ესაა თავდაჯერებული მართვა და მგზავრობის კომფორტი, ეკობუსტ (ბენზინი) და ეკობლიუ (დიზელი) სერიების ეკონომიური ძრავები, კავშირის საშუალებები, სმარტფონების უსადენო დასამუხტი სისტემა, დამხმარე და უსაფრთხოების სისტემები და სხვა.

ახალი „ფოკუსი“ გავიდა კონკურს ევროპის წლის ავტომობილის ფინალისტთა შვიდეულში, რომელთა შორისაც საუკეთესოს ჟიური ჟენევის 2019 წლის მოტორ შოუზე დაასახელებს.

და ბოლოს, ევრო NCAP-ის ქრეშ ტესტებზე, ახალმა „ფოკუსმა“ უსაფრთხოების უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა.