„ფორდი“ WEC-ის სუპერ სეზონს სებრინგზე განაახლებს

15 მარტს, სებრინგის 1000-მილიანი რბოლით, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის (WEC) 2018-2019 წლების სეუპერ სეზონის მეორე ნაწილი დაიწყება, რომელშიც „ფორდ ჩიპ განასი რეისინგი“ „ფორდ GT-ს“ ორი ეკიპაჟით იასპარეზებს. მისი დასრულებიდან რამდენიმე საათში კი გუნდის ამერიკული შტო, ასევე „ფორდ GT-ს“ ეკიპაჟებით, სებრინგის 12-საათიან რბოლაში ჩაერთვება, რომელიც ამერიკული IMSA-ს სერიის ყველაზე გამორჩეული ეტაპია.

„სებრინგი „ფორდისთვის“ კიდევ ერთი დიდი უიკენდია. მასზე თითქმის ერთდროულად, WEC-ის და IMSA-ს ჩემპიონატებში მოასპარეზე „ფორდ GT-ს“ ეკიპაჟები მიიღებენ მონაწილეობას. „ფორდ პერფორმენსისთვის“ ეს გამორჩეული რბოლებია და როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. იმედი მაქვს, რომ ის შრომა, რომელიც ტესტების დროს გავწიეთ, კარგ შედეგს მოგვიტანს“, - ამბობს „ფორდ პერფორმენს მოტორსპორტის“ გლობალური დირექტორი მარკ რაშბრუკი.

#66 ეკიპაჟში ასპარეზობენ გერმანელი შტეფან მიუკე და ფრანგი ოლივიე პლა, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატში მეორე ადგილი უკავიათ. მათ უკვე ორი პოულ პოზიცია აქვთ მოპოვებული და სებრინგშიც პოულისთვის იბრძოლებენ. ეკიპაჟს მესამე წევრად ამერიკელი ბილი ჯონსონი დაემატა, რომელიც შარშანდელი ლე მანის 24-საათიანი რბოლის შემდეგ, გუნდს პირველად შეუერთდება.

„სებრინგი უნიკალური ტრეკია, რომლის ნაწილიც ძველი სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ზოლსაც მოიცავს. თებერვალში აქ ტესტების შესაძლებლობა გვქონდა, რა დროსაც, ჩვენ წარმოდგენა შეგვექმნა იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ რბოლისას. ასევე დავაზუსტეთ, თუ რა გვაქვს გასაუმჯობესებელი. სებრინგი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ტრეკია. ეს რბოლა ურთულესი გამოწვევა იქნება, რადგან ის სტარტს საღამოს აიღებს და გვიან ღამით დასრულდება. ამიტომ, რბოლისას ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა გველის, რაც ავტომობილის ბალანსზე უარყოფითად იმოქმედებს. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც მანქანის საჭეს მივუჯდები სეზონს ისეთ შესანიშნავ ტრეკზე განვაახლებ, როგორიც სებრინგია“, - ამბობს მიუკე.

#67 ეკიპაჟის წევრები არიან ბრიტანელები, ენდი პრიოლი (2011 წელს მოგებული აქვს სებრინგის 12-საათიანი რბოლა) და ჰარი ტინკნელი, რომლებიც უიღბლო სეზონს ატარებენ და ჩემპიონატში მხოლოდ მერვე ადგილი უკავიათ. სებრინგის რბოლისას მათს ეკიპაჟს ამერიკელი ჯონათან ბომარიტო დაემატება.

სებრინგის 1000 მილის შემდეგ, სუპერ სეზონში მხოლოდ ორი ეტაპიღა დარჩება გასამართი - სპას (ბელგია) 6 საათი მაისში და ლე მანის 24 საათი (საფრანგეთი) ივნისში.