„ფორდი“ „რეინჯერზე“ მომცრო პიკაპზე მუშაობს

„ფორდი“ „რეინჯერზე“ მომცრო პიკაპზე მუშაობს

„ფორდი“ სრულად ახალ პიკაპზე მუშაობს, რომელმაც კომპანიის სამოდელო გამაში, პოპულარულ „რეინჯერზე“ ერთი საფეხურით დაბლა უნდა დაიკავოს ადგილი. ცისფერი ოვალი მის შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავს, თუმცა გვიმხელს, რომ მომცრო პიკაპი, უახლეს ჰეჩბეკ „ფოკუსის“ პლატრფორმაზე აიგება.

შესაბამისად, მის კაპოტქვეშ ძრავი განივად განლაგდება. რაც შეეხება ძრავების გამას, მასში მხოლოდ ოთხცილინდრიანი, ატმოსფერული და ტურბო ძრავები შევა. აღსანიშნავია, რომ ამავე პლატფორმაზე ააგებს ამერიკული კომპანია უგზოობის მოდელ „ბრონქოს“ მომცრო ვერსიას (ბეიბი ბრონქოს), რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოვა.


რა თქმა უნდა, უცნაურად ჟღერს „ფოკუსის“ პლატფორმაზე პიკაპის აგება, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილება „ფორდისათვის“ უცხო არაა. ის „ფიესტას“ ბაზაზე წარმოებულ პიკაპს, სახელად „კურიერს“, სამხრეთ ამერიკის ბაზარზე ჰყიდდა. საინტერესოია, რომ ამ სახელზე „ფორდმა“ შეერთებული შტატების საპატენტო ოფისში განაცხადი 2016 წელს შეიტანა და შესაძლოა, ის ახალი პიკაპისთვის გამოიყენოს.

ახალი პიკაპი ბაზარზე 2021 წელს გამოვა და ძირითადად სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში გაიყიდება.